16/02/2022
14:44
პოლიტიკა
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინამ საკმაოდ კარგად ისწავლა საქართველოს წარსული გამოცდილება.
„გახსოვთ, 2008 წლის 1-ელი სექტემბრის ერთიანობის დღე და „ცოცხალი ჯაჭვი“?! ძალიან მიხარია, რომ უკრაინელები ასევე ძალიან კარგად სწავლობენ საქართველოს მაშინდელ გამოცდილებას. დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა. გულით იქ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი გამოვა“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
მისივე თქმით, რუსეთი, სანქციების საშიშროებისა და სხვა დანარჩენი მიზეზების ფონზე, უკრაინაზე თავდასხმას ვერ განახორციელებს. „უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:
1. დასავლეთმა მიაღწია ერთიანობის არნახულ დონეს და სანქციების შემოღება მართლაც ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის, ისევე როგორც დასავლეთის სამხედრო დახმარება ძალიან გაურთულებს რუსეთს საქმეს. ცალკე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლონეთი. NATO-ს 40-მილიონიანი წევრი, რომელსაც საერთო საზღვარი აქვს უკრაინასთან და სასიცოცხლო დაინტერესება. პრაქტიკულად, ეს იქნება რუსეთის ომი უკრაინასთან, პოლონეთთან, 80 მილიონ ადამიანთან. პოლონელები პირდაპირ არ იომებენ, მაგრამ შეუზღუდავ მომარაგებას, წვრთნას და მხარდაჭერას განახორციელებენ და შეუქმნიან უკრაინას მყარ ზურგს. პოლონეთის უკან ამერიკა და NATO-ა. ტყუილად არ იმეორებს ბაიდენი, რომ დაიცავს NATO-ს მოკავშირეებს. იგულისხმება პოლონეთი, რუმინეთი, როგორც უკრაინის ზურგი.
2. კიევში, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ შარშან ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა მეხუთე კოლონას (მათ შორის მეც ვიყავი თანამომხსენებელი ანტი-ოლიგარქიული კანონის), პუტინს კიევში არავინ ელის და პირიქით, პოლიტიკური კლასი უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე ოდესმე.
3. და ბოლოს, პუტინმა აშკარად ვერ მიაღწია რუსეთის შიგნით ისეთ საზოგადოებრივ კონსენსუსს, რომელიც 2008 და 2014 წლებში ჰქონდა“ , - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოცხადდა. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება დღეს, უკრაინასა და საქართველოში გაიმართა.
0
0