18/10/2024
20:55
საზოგადოება
დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ინფრასტრუქტურა, სადაც გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოვიდნენ წარმატებული ფეხბურთელები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიაში ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ფიფა-სა და უეფა-ს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დახმარებაში.
„ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. აქ შეკრებილ ადამიანებს ყველას მადლობა, მინდა, გადაგიხადოთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა იმხელაა სიხარული და სიამაყის გრძნობა, რომ, რა თქმა უნდა, ვერანაირი ამინდი ვერ შეგვიშლის ხელს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, მთელ გუნდს იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებთ. დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურა, სადაც ამ გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ მაგარი, წარმატებული ფეხბურთელები. ბავშვებო, არასდროს არ გაჩერდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ, რომ იყოთ წარმატებულები ცხოვრებაში.
ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, იქნება სირთულეები, მაგრამ არ დანებდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ, რათა მიიღოთ მაქსიმუმი იმ საქმიდან, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უეფა-სa და ფიფა-ს წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, ჩვენთან არის ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. დღეს, საღამოს ქუთაისში საინტერესო შეხვედრა გაიმართება საქართველოსა და ლატვიის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. აქ არიან ჩვენი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, მადლობა მათ იმისთვის, რაც გაუკეთებიათ ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებები ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ მადლობა ლევანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც დაესწრო. მან კახა კალაძეს ცენტრის გახსნა მიულოცა და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ამაყი დღე არის, ვინაიდან თითოეული ასეთი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფეხბურთის ფედერაცია, სახელმწიფოსთან ერთად, ფიფა-სთან და უეფა-სთან ერთად, არის უდიდესი ბედნიერება და სიამაყის გრძნობა. ძალიან ამაყი ვარ დღეს, რომ შეგვიძლია ეს არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრი გავხსნათ, რომელიც ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა კახი კალაძის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამ ცენტრს კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი ერქმევა. მინდა, კახის მივულოცო, ჩემს მეგობარს, ღირსეულ ქართველს. ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი სიხარული მოგვანიჭა წლების განმავლობაში, ვამაყობდით მისი სახელით, მისი თამაშით და მე ძალიან კარგად ხვდები, თუ რამხელა ბედნიერებაა კახისთვის. კახი, შენ ეს დაიმსახურე და მადლობას გეუბნებით ქართული ფეხბურთის ფედერაციის ოჯახის სახელით ყველაფრისთვის, რაც გააკეთე და რასაც გააკეთებ მომავალში“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ქალაქ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფიფა-ს პროგრამის, FORWARD-ისა და უეფა-ს პროგრამა Hat Trick-ის ფინანსური თანამონაწილეობით განახორციელა. ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ცენტრი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გახსნა.
დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ცენტრის დაარსებაში ჩართულ ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროექტის ფარგლებში, სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებით და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა ფეხბურთელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.
სამტრედიის საფეხბურთო ცენტრით ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ ისარგებლებენ, მის მოვლა-პატრონობას კი ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ამ ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე განახორციელა ფოთში და თბილისის ხუთ უბანში – ვარკეთილის დასახლებაში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიღმის მასივში.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0