23/09/2024
13:17
საზოგადოება
კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ტრანსგენდერი ქალი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კესარიას მეგობარი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მამაო დაუკავშირდა და უთხრა, რომ კესოს წესი აუგო:
"ვიცოდი, რომ კესო არ გაიწირებოდა, რადგან მას ბევრი სიკეთე გაუკეთებია. დღეს ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, რომ კესოს წესი აუგო და პანაშვიდიც გადაუხადა, ღმერთმა მაინც ბოლომდე არ გაწირა…
მინდოდა ეს ყველაფერი გამესაჯაროებინა, რათა ყველას სცოდნოდა, რომ არსებობს იმედი და რომ არ აიცრუონ გული ეკლესიაზე", - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი.
კესარიასთვის წესის აგება ეკლესიის ვალდებულებაც კი არის... - რას აცხადებს მამა ლეონ გელოვანი
0
0