31/08/2023
08:58
კულტურა
დღეს, 31 აგვისტოს, პრემიერის ინიცირებული კამპანიის „სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენას“ ორგანიზებით, საქართველო კიდევ ერთ, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავურ ბენდს, Imagine Dragons-ს უმასპინძლებს.
კონცერტზე დასასწრებად, რომლის ბილეთებიც ერთ დღეში გაიყიდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის კარი მსმენელისთვის დღეს, 17:00 საათზე გაიღება.
ამერიკელი მუსიკოსების სცენაზე გამოჩენამდე, სხვადასხვა გასართობი აქტივობაც გაიმართება, 19:30-დან კი ეგრეთ წოდებული გამახურებელი ბენდის სტატუსით კონცერტს ქართული ჯგუფი Killages გამართავს, რის შემდეგაც სცენას Imagine Dragons დაიკავებს.
Imagine Dragons ამერიკული როკ-ბენდია, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მილიონობით გაყიდული ალბომის და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს.
Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“, რადგან ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons ნამდვილი „სუპერსტარების“ ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.
0
0