12/08/2023
21:46
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში იორდანიის ნაკრები დიდი ანგარიშით, 86:69 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც მონტენეგროს დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.
"დღეს გუნდურად კარგად ვითამაშეთ, ბურთსაც ვატრიალებდით, დაცვაშიც კარგად გამოვიყურებოდით.
გახარებული ვარ გოგა ბითაძის დაბრუნებით. გვინდა, ყველა კალათბურთელი ჩვენთან იყოს, რომ დანიშნულების წერტილამდე შეთამაშებულები მივიდეთ.
ასე თუ განვაგრძობთ, კარგი შედეგი გვექნება. ამისთვის თავგანწირვაა საჭირო. მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ იქ. ამიტომ, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მოვიდნენ და იმედი მაქვს, ხვალ, ფინალზე, დარბაზი გაივსება.
მინდა, დავამატო ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – 24 პასი გვქონდა, რამაც ძალიან გამახარა. მიყვარს ახალგაზრდა კალათბურთელები, ყოველთვის ვაძლევ მათ შანსს. ჩვენი ახალგაზრდებისთვის რთული შეხვედრა იყო, პირველ მატჩს ატარებდნენ ნაკრების მაისურით ქართველი გულშემატკივრის წინაშე.
დიდ ყურადღებას ვაქცევ ახალგაზრდულ ნაკრებებს და მიხარია, რომ 16-წლამდელთა გუნდმა B დივიზიონში მიაღწია მაღალ შედეგს, გავიდა ნახევარფინალში“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.
თბილისის საერთაშორისო თასის ფინალურ შეხვედრას მონტენეგროსთან საქართველოს ნაკრები 13 აგვისტოს, 19:00 საათზე ჩაატარებს.
საქართველოს პირველი არხი
0
0