05/11/2024
10:11
მსოფლიო
დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.
თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი / ოჰაიოს შტატის სენატორი, ჯეი დი ვენსი („რესპუბლიკური“ პარტია) და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი / მინესოტის შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი („დემოკრატიული“ პარტია).
კამალა ჰარისი „დემოკრატიული“ პარტიის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეთიშა არჩევნებს.
ტრამპი ჰარისს გამოცდილების არქონაში ადანაშაულებს, მის პოლიტიკას რადიკალურად მემარცხენეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მისი არჩევა ქვეყანაში სოციალისტურ შემობრუნებას გამოიწვევს.
ჰარისი აცხადებს, რომ ტრამპი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ადანაშაულებს მას საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შელახვის მცდელობაში.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
1960 წელს ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, პირველი საარჩევნო უბანი დიქსვილ-ნოტჩის დასახლებაში გაიხსნება (თბილისის დროით 5 ნოემბრის 09:00 საათზე).
თბილისის დროით 15:00 საათზე საარჩევნო უბნები მენის, კონექტიკუტის, ნიუ-იორკის და ვირჯინიის შტატებში გაიხსნება, ხოლო 16:00 საათზე კი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის სხვა შტატებში.
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდება (თბილისის დროით 4 ნოემბრის დილის 04:00 საათზე).
77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა.
0
0