07/02/2024
11:49
ეკონომიკა
დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 42.4%-ით დაიკლო და 308.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.6%-ით 34.0 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.
„დეკემბერში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 78%-ით, 71 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპით, 34.7%- ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 15.0%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. დეკემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 77.5%-ით და 11.2%-ით. აღსანიშნავია, უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. დეკემბერში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები 40.7%-ით, რუსეთი – 22.9%-ით და აშშ – 15.0%-ით წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
0
0