16/01/2023
14:49
ეკონომიკა
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც 16 იანვარს დაიწყო, რუსების - როგორც პოლიტიკოსების, ისე ბიზნესმენების მონაწილეობის გარეშე იმართება. მასში ასევე არ მონაწილეობენ ჩინეთის წარმომადგენლები. ამის შესახებ დასავლური და რუსული მედია იუწყება.
„გასული ათწლეულების განმავლობაში გამართული ფორუმებისგან, წელს შესამჩნევი განსხვავებაა რუსული დელეგაციის არმონაწილეობა - არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ საქმიანიც“ - წერს რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ თუ დავოსში უამრავი რუსი ოლიგარქი მოდიოდა, წელს არც ერთი არ იქნება, ისევე როგორც არ იქნება ჩინეთის არც ერთი წარმომადგენელი.
საერთო ჯამში, ღონისძიებაზე 116 მილიარდერი მივა - 40%-ით მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. აქედან 33 აშშ-დან იქნება, 18 ევროპიდან, 13 ინდოეთიდან.
მანამდე დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბოლოს კლასიკური ფორმატით 2020 წლის ზამთარში, კოროვირუსული პანდემიის დაწყებამდე გაიმართა. 2021 წელს ის მთლიანად ონლაინ ჩატარდა, ხოლო 2022 წელს, პირველად, მის 50-წლიან ისტორიაში, ფორუმი ჩატარდა ზაფხულში და არა ზამთარში.
0
0