07/12/2023
13:19
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში. სემეკი, წლებია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სემეკთან არსებული
ენერგოომბუდსმენის სამსახურის როლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. უკვე 20 წელია, რაც სამსახური აქტიურადაა ჩართული მოქალაქეთა უფლებების დაცვაში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით. ვულოცავ
სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს 20 წლის იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ საქმიანობაში. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, არაერთი პროექტი ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკში გვაქვს უნიკალური პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს კომუნალურ კომპანიებში შესულ მომხმარებელთა განცხადებებს და კომპანიების მხრიდან მათზე რეაგირებას, ინფორმაციას გეგმური და არაგეგმური წყვეტების შესახებ, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისათვის გათიშული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენის დროსა და ვადებს. გვაქვს შემუშავებული სტანდარტები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კომპანიებისათვის. აქვე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, თუ თვლიან რომ ირღვევა მათ უფლებები კომუნალური კომპანიების მიერ, მომართონ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, 2003 წელს დაფუძნდა სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. დღეისთვის ენერგოომბუდსმენის ოფისები ფუნქციონირებს როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
0
0