21/10/2024
11:07
საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველ საერთაშორისო კონგრესში. კონგრესში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, საქართველოს, ჩეხეთის, თურქეთის უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები.
სემეკის თავმჯდომარემ, კონგრესზე წარდგენილ მოხსენებაში ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების მენეჯმენტის შესახებ. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ეტაპებზე, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებაზე, ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ სიახლეებსა და სატარიფო პოლიტიკაზე.
„საქართველოს ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად დარგს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს. საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ, ენერგეტიკის სექტორში არაერთი ფუნდამენტური ცვლილება უკვე განხორციელდა, ეტაპობრივად ხდება ბაზრების ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით. აქტიურად გრძელდება ევროპის ენერგეტიკული პაკეტის გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი. სემეკმა, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში შეიმუშავა და დაამტკიცა დირექტივებზე დაყრდნობით არაერთი ნორმატიული აქტი, რომელიც განაპირობებს რეფორმირების პროცესის ეფექტიანობას,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონგრესში მონაწილეობა მიიღეს სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ და სემეკის დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებმაც წარადგინეს როგორც სამეცნიერო ნაშრომები, ასევე პრეზენტაციები ბაზრების მონიტორინგის, ენერგეტიკული გაერთიანებების, ნეტო-ბილინგისა და წყლის, როგორც განახლებადი ენერგიის შესახებ.
ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის პირველი საერთაშორისო კონგრესის მიზანს წარმოადგენდა ექსპერტების, მკვლევარებისა და სპეციალისტების გაერთიანება ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ ცოდნისა და იდეების გაზიარებისთვის. კონგრესი გახსნა აწსუ-ს რექტორმა, შალვა კირთაძემ.
0
0