26/10/2024
16:10
არჩევნები 2024
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის 21-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მითითებები მისცა.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განცხადებით, კირტიკაძე მითითებებს აძლევდა საარჩევნო კაბინაში მყოფ მოქალაქეს, რის გამოც რამდენჯერმე მიიღო შენიშვნა.
„იყო მცდელობა, ჩანს კიდეც, ვეუბნებოდი, თქვენ არ გაქვთ ამის უფლება. შემდეგ მიმითითა, მაშინ თქვენ დაეხმარეთო. ვუთხარი, არც მე მაქვს უფლება, შევიდე და დავეხმარო, გამოვიძახოთ სხვა ამომრჩეველი-მეთქი. გამოვიძახე ერთი ბიჭი, რომელიც ვერ დაეხმარა, თქვა, რომ რუსული არ იცოდა. შევუშვით გოგონა და ამით მორჩა ინციდენტი. ბატონი დავითი რამდენჯერმე მივიდა კაბინამდე, შეყო თავი და გამოვიდა“, – განაცხადა უბნის თავმჯდომარემ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით საჩივარი არ დაწერილა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის თქმით, საოლქო კომისიაში საჩივარი თუ შევა, ამ შემთხვევაში მას განიხილავს. გაგა აფციაური განმარტავს, რომ უბნის თავმჯდომარემ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა, რადგან კანონის მიხედვით, ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პერიოდში კაბინაში, სადაც ფარული უნდა იყოს ხმის მიცემა, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ სხვა ამომრჩეველი, რომელსაც იგი მოუხმობს.
„მომივიდა ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიიდან. თავმჯდომარემ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა და და კანონით მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა ამომრჩეველზე დახმარების უფლება. განვმარტავ, ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პერიოდში კაბინაში, სადაც ფარული უნდა იყოს ხმის მიცემა, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ სხვა ამომრჩეველი, რომელსაც იგი მოუხმობს, რომელიც იმყოფება საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, კირკიტაძე საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა თუ ამომრჩეველმა მოითხოვა, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჩივარი როცა დაფიქსირდება, კანონის ფარგლებში, შესაბამის ვადებში გასცემს ამაზე პასუხს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024