11/06/2024
14:01
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის განახლებული აეროპორტიდან თვითმფრინავები რუსეთის შვიდ ქალაქში გაფრინდება, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
მედია მიუთითებს, რომ საუბარია მოსკოვზე, პეტერბურგზე, ეკატერინბურგზე, ნოვოსიბირსკზე, ყაზანზე, სოჭსა და კრასნოდარზე.
ამ ხუთი ქალაქიდან (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ყაზანი და სოჭი) ამჟამად ფრენები თბილისის მიმართულებით სრულდება; კრასნოდარის აეროპორტი უსაფრთხოების მიზეზების გამო დაკეტილია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
სავარაუდოდ, სოხუმში ფრენებს იგივე ავიაკომპანიები არ შეასრულებენ, რომლებიც თბილისის მიმართულებით ფრენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე დასავლური სანქციები შეიძლება დაწესდეს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, რადგან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ დოკუმენტებიდან.
გასული წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ დადო ხელშეკრულება რუსულ კომპანია Infrastructure Development-თან აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ. ბჟანიამ მაშინ განაცხადა, რომ მისი გახსნა 2024 წლის 31 დეკემბერს იგეგმება, პირველი საცდელი ფრენა ივლისში იგეგმება.
0
0