26/11/2024
11:58
პოლიტიკა
მოსკოვი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს.
„კოლექტიური დასავლეთი პროვოცირებს შიდა კონფლიქტებს, დაძაბულობის კერებს და არ უგულებელყოფს სხვადასხვა ბინძურ გეოპოლიტიკურ ტექნოლოგიებს - დაწყებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომების მოწყობიდან, პირდაპირ ფერადი რევოლუციების გაჩაღებამდე, როგორც ახლა ცდილობენ ამის გაკეთებას საქართველოში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა მე-20 შეხვედრაზე.
რუსეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთის მცდელობები, მოაწყოს ფერადი რევოლუცია საქართველოში, ჩავარდება. ეს განცხადება, იმავე შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა გააკეთა.
„დღეს თბილისი ფერადი რევოლუციის მორიგი მცდელობის წინაშე დგას, ანუ გადატრიალების მცდელობის. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს წარუმატებელი იქნება, ისევე როგორც დასავლეთის თავხედური მცდელობები ბელარუსისა და ყაზახეთის რყევის მცდელობა წარუმატებელი იყო“, - განაცხადა ნარიშკინმა.
მან დასძინა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მოშორდა ულტრალიბერალურ დღის წესრიგს და დადგა ქართული საზოგადოების ეროვნული ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად“.
საპარლამენტო არჩევნების წინ ნარიშკინმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს ხალხი „სწორ და ზუსტ არჩევანს“ გააკეთებს, მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, ჩაერიოს ქვეყნის საშინაო საქმეებში.
0
0