25/01/2022
10:48
მსოფლიო
ორშაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დასავლური ძალები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის შემუშავებას ისახავენ მიზნად. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ "თუ რუსეთის შემდგომი შეჭრა მოხდება უკრაინაში, მოკავშირეებმა უნდა მოახდინონ სწრაფი ანგარიშსწორება, სანქციების უპრეცედენტო პაკეტის შემუშავების ჩათვლით".
მანამდე კი, პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინის დასაცავად 8,500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაშია. „ისინი ამოქმედდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნატოს სამხედრო ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალების გააქტიურებას გადაწყვეტს, ან თუ რუსული ჯარის კონტინგენტი გაიზრდება. უშუალოდ უკრაინაში ამერიკელი სამხედროების განლაგება არ იგეგმება,“ - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ.
ნატოს ზოგიერთი წევრი, მათ შორის დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები, რეგიონული თავდაცვის გასაძლიერებლად უკვე გეგმავენ ან განიხილავენ აღმოსავლეთ ევროპაში გამანადგურებლებისა და ხომალდების გაგზავნას.
დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი "სწრაფი" და "უპრეცედენტო" სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა.
ამავდროულად, უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცის დაჯგუფების მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ გეგმებს უარყოფს. კრემლმა განაცხადა, რომ ნატოს საფრთხედ მიიჩნევს და იურიდიულ გარანტიებს ითხოვს, რომ ალიანსი არ გაფართოვდება აღმოსავლეთით, რაც, მათ შორის მეზობელ უკრაინას მოიცავს. შეერთებული შტატების მტკიცებით, საქმე ეხება რუსეთის აგრესიას და არა ნატოს გაფართოებას.
0
0