06/11/2024
18:50
პოლიტიკა
პირველ რიგში, ამ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ და რეალურად, ჩვენი ქვეყნის ოპოზიციაში დგანან, უნდა გასცენ პასუხები, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, არავის დაგვიწყებია რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ ეს ადამიანები ტრამპს, რატომ არ მოსწონთ ეს ადამიანი.
„არ მოსწონთ იმიტომ, რომ მისთვისაც ის ტრადიციული ღირებულებები და მშვიდობაა მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი „ოცნების“ გუნდისთვის. არ მოსწონდათ ეს ადამიანი, არ მოსწონთ არც ახლა. ერთი დიდი ტრაგედია დაემართათ დღეს, ორი კვირის განმავლობაში ორჯერ დამარცხდნენ. მეორე მხრივ, რაც მთავარია, რომ ამ ადამიანებს არაერთხელ მიუყენებიათ შეურაცხყოფა ბატონი ტრამპისთვის, მათ შორის, რადგანაც არ მოსწონდათ ისინი რუსს უწოდებდნენ, რუსულ პროექტს უწოდებდნენ. ყველაფერი, რაც „კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის“ არის მიუღებელი, ყველაფერს რუსულს უწოდებენ ხოლმე. მათ შორის, ასეთი იყო ტრამპიც.
მაგალითად, გავიხსენოთ თინა ბოკუჩავას შემთხვევა. თინა ბოკუჩავა, რომელიც ლანძღავდა თავის პოსტებში ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას. შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთ რიგითად მოხვედრილიყო და დასწრებოდა კამპანიას. საინტერესოა, რომ ასეთი განცხადებები სოციალური ქსელიდან წაშალეს, მაგრამ არ იწვის მტკიცებულებები და არავის შეუძლია სოციალური ქსელიდან წაშალოს ის სალანძღავი სიტყვები, რითაც გამორჩეულები იყვნენ. მაგალითად, თინა ბოკუჩავა, ნიკა გვარამია რას სიტყვებს იყენებდა, ამას ხომ საერთოდ ფიზიკურად ვერ გავიმეორებ. პატივს გცემთ თქვენ, პატივს ვცემ ჩვენს მაყურებელს და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც კადრულობდა ნიკა გვარამია, მათ შორის ტრამპის წინააღმდეგ და როგორ შეურაცხყოფებს აყენებდა. დარწმუნებული ვარ, გავა რამდენიმე დღე, შეცვლიან ნარატივს, ჩამოდგებიან ერთი ერთმანეთზე მიყოლებით და ტრამპის ქება-დიდებას დაიწყებენ. რატომ? იმიტომ, რომ მათთვის პოლიტიკურ ღირსებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მარტივია, როდესაც შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი, მარტივად შეგიძლია თეთრზე შავი ამტკიცო ან ყოველდღიურად და ყოველწამიერად იცვალო პოზიციები. ამას ვხედავთ ჩვენ ყოველდღე, რეალურად. კლასიკური შემთხვევა იყო რუსეთთან სანქციების თაობაზე, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩვენ არასდროს გვითქვამს სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთსო, როდესაც „ლელოს“ და არამხოლოდ „ლელოს“ პარტიის წარმომადგენლების და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ ინიციირებული რეზოლუციის პროექტი დღესაც კი პარლამენტში დევს. ასეთ ტყუილებს კადრულობენ ყოველთვის, ყოველწამიერად იცვლიან პოზიციებს, გააჩნია რა აწყობთ, რა შეუწყობთ ხელს მათ ძალაუფლებაში და ხელისუფლებაში მოსვლას, რაც არ გამოსდით, ვინაიდან ქართველი ხალხი ფხიზლად არის“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
0
0