23/10/2024
11:43
არჩევნები 2024
დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სულ შესულია 53 საჩივარი, ძირითადად დადარაჯებული არიან ფეისბუქპოსტებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მათი მიზანია, დარღვევებთან დაკავშირებით რამენაირად სტატისტიკა შექმნან.
„წარმოგიდგენთ მონაცემებს, რომლებიც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში შესულ საჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბოლო პერიოდში ხშირად გსმენიათ აპელირება, თითქოს ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიური შეფასებები იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გახშირდა მცდელობა, შექმნან საინფორმაციო ხმაური, რათა შეიქმნას აღქმა, თითქოს საქმე გვაქვს ამ ტიპის მნიშვნელოვან დარღვევებთან.
სინამდვილეში, თუ ვნახავთ, რა საჩივრებია შესული საარჩევნო კომისიაში, აღმოაჩენთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ჯამში შესული არის 53 საჩივარი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები არ ესწრებიან უწყებათაშორის კომისიას და არ მიმართავენ უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც ასევე შეუძლია ასეთი საკითხების გარკვევა.
53 საჩივარი არის შესული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. საჩივრები არ არის პარტიების მხრიდან, თუმცა პარტიებსაც თუ მივათვლით ამ საერთო რაოდენობას, ჯამში 90-ს არ ცდება. 53 საჩივრიდან, რომლებიც ადგილობრივ დამკვირვებლებს აქვთ შეტანილი, 39 ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს, ხოლო 14 წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესის დარღვევას. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს, 39-დან 32 არის „ფეისბუქის“ პოსტებთან დაკავშირებით საჩივრები. რაც შეეხება წინასაარჩევნო აგიტაციას, აქაც 14-დან შვიდი შეეხება საარჩევნო კომისიის წევრების ფეისბუქპოსტებს.
როგორც ჩანს, ძირითადი, რითაც დაკავებული არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები, არის ის, რომ დადარაჯებული არიან ფეისბუქპოსტებს. შევხედოთ, რა ხდება სინამდვილეში ამ დარღვევების მხრივ, განსაკუთრებით რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ერთ-ერთ სავარაუდო დარღვევად მითითებული აქვთ ხოლმე დეპუტატების თუ დელეგატების მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024