23/08/2024
12:15
სპორტი
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებაზე (რომელიც 23 აგვისტოს იწყება) მიღებულ გამოცდილებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა, რომელსაც ამ ტურნირზე ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული.
„დარასელიას თასზე პირველად ვითამაშე უცხოური გუნდის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამეხმარა – დიდი გამოცდილება მივიღე. ასეთ ტურნირებზე თამაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რათა გამოცდილება მიიღონ და მომავალში უფრო დიდ დონეზე თამაში გაუმარტივდეთ.
იმ ფეხბურთელების უმრავლესობა, ვინც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში წარმატებას მიაღწია, „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, პატარაობისას დარასელიას თასზეც ბევრმა ითამაშა და გამოცდილება მიიღო.
ზოგადად, ასეთი ტიპის ტურნირები ფეხბურთელისთვის ტრამპლინია, რათა შემდეგ მაღალ დონეზე ითამაშოს. ამიტომ ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ ეს შანსი კარგად გამოიყენონ, მაღალ დონეზე მოემზადონ, ითამაშონ და დაამტკიცონ, რომ მაგრები არიან. თამაშებს ბევრი სკაუტი, აგენტი და მენეჯერი დაესწრება და თავს თუ გამოიჩენენ, უცხოურ კლუბში გადასვლის შანსი გაუჩნდებათ.
„ვალენსიის“ აკადემიისა და პირველი გუნდის ფეხბურთელები ერთ ბაზაზე ემზადებიან და ერთმანეთთან ახლოს არიან. ძალიან კარგი აკადემიაა, სადაც ტალანტები იზრდებიან. ჩემი აზრით, თბილისის ტურნირზე „ვალენსია“ ძლიერი გუნდით წარსდგება“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
0
0