28/09/2021
11:30
მსოფლიო
28 სექტემბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ჯონ ლენონისა და იოკო ონოს იშვიათი კასეტური ჩანაწერი აუქციონზე გაიყიდება. 33-წუთიანი აუდიო ჩანაწერი 50 წელზე მეტი ხნის წინ ოთხმა დანიელმა თინეიჯერმა დაამზადა - „The Beatles“-ის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე. კასეტაზე ჩაწერილია წყვილთან ინტერვიუ და აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა.
1970 წლის იანვარში წყვილი ტაიში - დანიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით - ონოს მცირეწლოვანი ქალიშვილის, კიოკოს სანახავად დარჩა, რომელიც ამ მხარეში მამასთან, ონოს ყოფილ ქმართან, ენტონი კოქსთან და მის მეუღლესთან, მელინდასთან ერთად ცხოვრობდა.
ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა მუსიკოსთან შეხვედრა და სკოლის გაზეთისთვის მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტეს.
"ჩვენ, 16 წლის ჰიპები, ძირითადად დაინტერესებულნი ვიყავით ლენონისა და ონოს სამშვიდობო კამპანიებით", - თქვა კარსტენ ჰოუჯენმა, რომელმაც ჩანაწერი დაამზადა.
ბიჭებმა შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტიც მიიწვიეს.
იმ დროისთვის ვიეტნამში ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა. რამდენიმე თვით ადრე, ლენონმა და ონომ საპროტესტო აქციები გამართეს.
ჩანაწერში ლენონს ეკითხებიან: "როგორ ფიქრობთ, ჩემნაირი ადამიანები დაგეხმარებიან მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის დამყარებაში?" "გაიმეორეთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", - პასუხობს ის.
„შემდეგ მუსიკოსმა გიტარაზე ჰიტი „Give Peace A Chance“ დაუკრა. წყვილმა, ასევე მოკლე მელოდია, სახელწოდებით „Radio Peace“, შეასრულა. ის დაიწერა, როგორც რადიოსადგურის თემატური სიმღერა, თუმცა რადიოსადგური აღარ გახსნილა და სიმღერაც არასოდეს გამოსულა. ეს იშვიათი ჩანაწერია,“ - თქვა კარსტენ ჰოუჯენმა.
ათწლეულების შემდეგ, ძველმოდური კასეტა კოპენჰაგენში, დანიის მთავარ აუქციონის სახლში, Bruun Rasmussen-ში, სკოლის გაზეთის ორიგინალ ასლთან და 23 ფოტოსურათთან ერთად იყიდება.
აუქციონის სახლი აუდიო ჩანაწერს 32,000-50,000 აშშ დოლარად აფასებს და მას, სავარაუდოდ, მუზეუმში განათავსებენ ან კოლექციონერი შეიძენს.
0
0