23/08/2022
19:09
სამართალი
სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულ ესკორტის ოფიცერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიება დაკავებულ ოფიცერს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. უწყების ცნობით, სწორედ ბრალდებულის არასათანადო ყურადღების გამო, კლინიკაში მყოფმა პაციენტმა მოახერხა, დაუფლებოდა ოფიცრის სამსახურებრივ იარაღს, საიდანაც ჯერ ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. დაკავებული ოფიცერი 1998 წელს დაბადებული პირია.
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს ბრალდება დღეს წარუდგინა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული,სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი – საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე. ბრალდებულმა ასევე არ განახორციელა ვიზუალური კონტროლი პატიმრის მიმართ, რომელიც მიეპარა მას და საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც სამი გასროლა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ვ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
0
0