19/11/2024
13:51
სამართალი
ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ალექსანდრე ქავთარაძეს სამართალდამცავებმა დაკავების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქავთარაძე ლონდარიძემ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.
როგორც ლონდარიძე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ქავთარაძე პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი სახეში გაარტყეს.
ლონდარიძე და სხვა ადვოკატები დანარჩენ დაკავებულებს სხვადასხვა დროის ინტერვალში შეხვდებიან.
„მის მიმართ გადამეტებული ძალაა გამოყენებული. ავტომანქანაში ჩასმის მომენტში ერთ-ერთმა დამკავებელმა, მას უთხრა, ხომ დაგაკავეთო, უცენზურო სიტყვებით მიმართა, შემდეგ სახეში დაარტყა ხელი, რისი კვალიც ეტყობა. აღნიშნულის გამო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუცილებლად მივმართავთ. დაკავების საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. სხვა პირებს აკავებდნენ, ისიც იქვე იდგა და იძულებით მანქანაში ჩასვეს",- განაცხადა ლონდარიძემ.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 10 პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული, 3 კი, დიღმის სამმართველოში.
0
0