06/11/2023
13:11
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო კულტურის სამინისტრომ ტირას მონასტერში ბეტონის კიბის დემონტაჟი მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა Sapa-ს ე.წ. სამინისტროს ხელმძღვბანელმა რადა ძაგოევამ განუცხადა.
მისი თქმით, 3 ნოემბერს კულტურის სამინისტრომ წერილები გაუგზავნა ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელს ინალ ბაზაევს და ალანიის ეპარქიის წარმომადგენელს მამა სიმონს მე-16 საუკუნის დროინდელი სამრეკლოსკენ მიმავალ გზაზე მოიხსნას ბეტონის საფეხურები, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ე.წ. მინისტრის თქმით, უწყებას პროკურატურის მეშვეობით უკვე ჰქონდა საუბარი ეპარქიასთან ორიოდე თვის წინ, მას შემდეგ რაც სასულიერო პირებმა ცხინვალის კონსტანტინესა და ელენეს ტაძრის მე-10 საუკუნის ეკლესიაში შიდა რემონტი დაიწყეს - კედლების შელესვა დაიწყეს და იატაკზე ბეტონი დაასხეს.
„მათ ეს იმით ახსნეს, რომ ყველაფერი ნადგურდებოდა და „ჩვენ მაინც რაღაცას ვაკეთებთ“. მესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული ამ ძეგლების შესანარჩუნებლად, ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მაინც შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. რესტავრაციის ფული არ გვაქვს“, - განაცხადა რადა ძაგოევამ.
მისი თქმით, მან და მისმა თანამშრომლებმა ტირას მონასტრის სამრეკლოს მიმდებარედ ბეტონის კიბეების შესახებ ინტერნეტის პუბლიკაციებიდან შეიტყვეს.
კერძოდ, ამის შესახებ, სოციალური ქსელის მომხმარებლები, სააგენტო „რესი“ და ქართული გამოცემა „Qartli.ge“ იტყობინებოდნენ. მედიის ცნობით, კიბე ადგილზე 2021 წლის შემდეგ გამოჩნდა.
2015 წელს რადიო თავისუფლების ქართული სამსახური წერდა მონასტერში სარემონტო სამუშაოების შესახებ, რის შედეგადაც დაზიანდა ფრესკის ნაწილი.
ტირას მონასტერს მიყენებული ზიანი კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა შეაფასონ.
„ძეგლების დაცვის განყოფილებაში მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობს, ფიზიკურად ვერ ვამოწმებთ არქიტექტურული ძეგლების მთლიანობას, ისინი მთელ რესპუბლიკაშია განთავსებული“, - განაცხადა რადა ძაგოევამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024