30/10/2023
11:41
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის წევრმა ლენინგორის (ახალგორის - რედ.) რაიონიდან ზაზა დრიაევმა, „კოლეგებს“ „საქართველოს ეკონომიკური გზის გახსნა“ შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია „სამხრეთ ოსეთის პარლამენტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„დეპუტატმა“ აცამაზ კასაევმა შეხვედრაზე დასვა კითხვა რუსეთ-ქართული ბიზნეს საბჭოს მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზში გაიმართა. შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა რუსეთსა და საქართველოს შორის, ცხინვალის გავლით, ტრანზიტის გახსნის შესახებ. კასაევმა „სამხრეთ ოსეთის“ ოფიციალური პირების რეაგირების ნაკლებობაზე მიუთითა.
„ოფიციალურ ცხინვალს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ ჰქონია. და თუ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ასეთი საკითხები ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილება, მაშინ ასეთ განცხადებებზე რეაგირება ადეკვატური უნდა იყოს“, - განაცხადა „დეპუტატმა“.
ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პეტრ გასიევის განცხადებით, გზის გახსნის წინადადება „კერძო ინიციატივაა“.
„ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და რაც უნდათ შეუძლიათ თქვან და მოიწვევენ თუ არა ვინმეს, ეს მათი საქმეა. მაგრამ თუ ესენი იყვნენ სახელმწიფოის წარმომადგენლები, მაშინ, რა თქმა უნდა, საჭირო იყო შესაბამისი რეაგირება და იქ წასვლა“, - განაცხადა მან.
„დეპუტატმა“ აცამაზ კასაევმა ასევე წამოჭრა საკითხი, რომ ახალგორის რეგიონიდან „ხორცის ექსპორტი სწრაფი ტემპით გაედინება მეზობელ სახელმწიფოში“, ხოლო ცხინვალში ხორცი რუსეთის ფედერაციიდან შედის.
„მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტი უნდა აიკრძალოს. არანაირი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული“, - განაცხადა „დეპუტატმა“.
„დეპუტატი“ ალან ტადტაევი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა მთავრობის დადგენილებით. მან შესთავაზა დეპუტატების პოზიცია პრემიერ-მინისტრსგადაეცეს.
„დეპუტატმა“ ზაზა დრიაევმა იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ მის პოზიციას გზის გახსნასთან დაკავშირებით.
„რატომ არ უნდა გავხსნათ გზა საქართველოსკენ ეკონომიურად, თუ უკვე 10 დღეა გავხსენით, რათა ლენინგორის (ახალგორის - რედ.) რეგიონის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებებში წავიდნენ და ახლობლების ნახვის საშუალება ჰქონდეთ? ჩვენ გვაქვს საბაჟო, გვაქვს სასაზღვრო სამსახური, ეს არის შემოსავალი ბიუჯეტში“ - განაცხადა დეპუტატმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024