05/06/2024
16:12
კონფლიქტები
ოკუპირებული ჯავის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 35 წლის მოქალაქეს საერთო რეჟიმის კოლონიაში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
35 წლის გიორგი მოსიაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებია. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ის 2023 წლის ოქტომბერში გამყოფი ხაზის მიღმა სათევზაოდ იყო გადასული და ელექტროანკესით 25 კილოგრამი კალმახი დაიჭირა. მოსიაშვილს ბრაკონიერობასაც ედავებოდნენ.
ონლაინგამოცემა „საპა“ წერს, რომ ჯავის "სასამართლომ" ასევე დააკმაყოფილა ე.წ. გარემოს დაცვის კომიტეტის სარჩელი და მას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ც"იხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში" საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.
0
0