01/03/2023
11:21
კონფლიქტები
ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისი "პატიმრობის ვადა" ამოიწურა. ამის შესახებ ცხინვალური მედია იუწყება.
კერძოდ, დე ფაქტო უწყების ცნობით, 1998 წელს დაბადებული ხეთერელი 2021 წლის 24 დეკემბერს ცხინვალთან ახლოს, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის“ გამო დააკავეს, ხოლო 2022 წლის 6 აპრილს მას ერთი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2023 წლის 28 თებერვალს კი სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ქართულ მხარეს გადასცეს.
ინფორმაცია ლაშა ხეთერელის გათავისუფლების შესახებ 28 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უწყების განცხადებით, ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.
0
0