08/07/2024
09:58
სამართალი
ვარკეთილში 5 ივნისს მკვლელობა მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის იური კალანდარიშვილი ცხელ კვალზე დააკავეს.
უმძიმეს დანაშაულზე "კურიერი P.S." ახალ დეტალებს ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ მეზობელმა კარის მეზობელსა და მის მეგობარს ჯერ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი იარაღით მოკლა.
როგორ დაიწყო კონფლიქტი?
დაახლოებით, ღამის პირველი საათი - ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე, ნასვამები, დერეფანში დგანან და ბინის კარის გაღებას ვერ ახერხებენ. ამ კადრებს იური კალანდარიშვილის კამერა იღებს. ჩანაწერის მიხედვით, ბაჩო ბაშარული ფეხს იქნევს და მისი ფეხსაცმელი მისსავე კართან, კაბელებზე ეკიდება. ერთ მომენტში ბაჩო მეზობლის კამერას სანთებელას უჩვენებს.
რამდენიმე წამში, კარის მეზობელი იური კალანდარიშვილი მათთან გადის და ამის შემდეგ დაძაბული საუბარი იწყება. ბაჩო ბაშარული მეზობელს კამერაზე მიუთითებს და ანიშნებს, რომ თვალთვალი აღიზიანებს. სწორედ ამ დროს, იწყება ფიზიკური დაპირისპირება და ბაჩოს თავში ქსოვილში გახვეული რეზინის ჩაქუჩი რამდენჯერმე ხვდება. ის მეზობლის მოგერიებას ცდილობს. ჩხუბით, იური კალანდარიშვილის სახლში შედიან. ნიკო არჩვაძე კონფლიქტში ერთვება. მეზობელი დერეფნისკენ უკვე ხელში იარაღით ბრუნდება. მას ნიკოსა და ბაჩოს ნივთები იმ ოთახში შეაქვს, სადაც უკვე ორი ადამიანი სისხლის გუბეში წევს. კარს კეტავს და კამერა ითიშება.
"კურიერი P.S"-ის ინფორმაციით, შემზარავი დანაშაული იური კალანდარიშვილმა იმ ოთახში ჩაიდინა, რომლის გვერდზეც მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს ეძინათ. გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 40 წუთში, მან 112-ში დარეკა და მკვლელობა აღიარა, თუმც აუცილებელი მოგერიების მოტივით.
"ჩაქუჩის მეშვეობით არაერთი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ათ წამში ავტომატიდან თავზე გასროლით მოკლა. ტყვიის მასრებიც და გულებიც არის იატაკიდან ამოღებული. ეს მიუთითებს, რომ გამიზნულად არის ნასროლი. წაქცეული ადამიანების მიმართ განახორციელა გასროლა. ყველა გასროლა თავის და ზურგის არეშია მიყენებული, ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას" - ამბობს საქმის პროკურორი.
"გაგვანადგურა და დაგვაქცია და 5 ბავშვი დატოვა უმამოდ. ეს პიროვნება 8 წელი ცხოვრობდა აქ და ხალხი არ იცნობდა. ყველა იმას ამბობდა, ლიფტში გვხვდებოდა და ზურგს გვაქცევდაო. ცოლ-შვილი სახლში ჰყავდა, ხალხი როგორ დახოცა? ნიკო რატომ მოკლა, თუ ბაჩოზე იყო გაბრაზებული, ხომ შეიძლებოდა დაეჭრა, თავში საკონტროლო გასროლა განახორციელა" - ამბობს ბაჩო ბაშარულის დედა.
0
0