05/09/2024
17:01
კონფლიქტები
ამ ეტაპზე რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს, ყოველთვიურად, 141 მილიონი რუბლის (1,6 მილიონი დოლარი) ოდენობის დაფინანსება შეუწყვიტა. ამის შესახებ ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სოციალური მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია აფხაზური მხარის მიერ ე.წ. აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, 1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთს უნდა მოეხდინა ხელშეკრულებების რატიფიცირება რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.
დელბამ თქვა, რომ მოსკოვმა უკვე გამოიყენა მსგავსი სანქცია (141 მილიონი რუბლის გადაუხდელობა) აფხაზეთის წინააღმდეგ 2024 წლის ივლისში „მოქალაქეთა სოციალური მომსახურების შესახებ“ კანონის წარუმატებლობის გამო, მაგრამ თანხები „აღდგენილია“.
1 სექტემბრიდან გატარებულ ზომებთან დაკავშირებით დელბა ამბობს, რომ „აფხაზეთის ბიუჯეტი“ მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ „მომავალ პერიოდებში ცოტა გართულდება“.
„ნამდვილად იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, რომ აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად და შესაბამისად, ჩვენ დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას“, - აღნიშნა მან.
0
0