02/10/2024
21:19
საზოგადოება
მარი ომანაშვილი გუშინ დაკრძალეს. თელაველი ქალი, რომელიც ცნობილი "ტიკ-ტოკიდან" გახდა ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 33 წლის მარის 9 წლის ვაჟი ჰყავდა, რომელიც დღემდე ზესტაფონში მიმნდობ ოჯახში ცხოვრობს. თელაველი ქველმოქმედი დინა ნაწიფაშვილი, რომელიც მარის პატრონობდა, ამბობს, რომ მას შვილის მოვლა არ შეეძლო. დინამ არ იცის, ვინ არის ბავშვის მამა, ამბობს, რომ ამაზე მარი თავადაც არ საუბრობდა.
"საღამოს 8 საათი იყო, რომ დამირეკეს, მარის დაბადების მოწმობა უნდოდათ, მითხრეს, ავარიაში მოჰყვა და ძალიან ცუდად არისო. როდესაც ვკითხე, ცუდი ხომ არაფერია-თქო, არა, საშიში არ არისო. მეორე დღეს, როგორც კი გათენდა, საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი, დამირეკეს და მითხრეს, რომ მარი დაიღუპა. აქამდე არ ვიცი ვინ გაიტანა.
როდესაც მარის დედას შევხვდი (ის ქალბატონიც შშმ პირია და მასაც ალკოჰოლთან დაკვაშირებით აქვს პრობელემები), მითხრა, რომ იმ საღამოს დალიეს, სახლში უნდა წავსულიყავი და მარიმ ცუდი სიტყვები მაკადრა და ვიკამათეთო. არ ვიცი, ხან როგორ ჰყვებოდა, ხან როგორ. ჩხუბის შემდეგ მარი იქით გაიქცა და მანქანამ გაიტანაო. ავარიიდან მალევე დარეკეს სასწრაფოში, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სიმართლეს მიყვებოდა მარის დედა.
მარის ჰყავს შვილი, 9 წლის ბიჭი, რომელიც ზესტაფონში მშვილებელ ოჯახთან იზრდება. მას ძალიან უყვარდა თავისი შვილი, ისეთი ბედნიერი იყო როდესაც ხვდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო.
ბავშვის მამა არ ვიცი ვინ არის, ამაზე მარიც არ საუბრობდა. ერთს გეტყვით, რომ ძალიან კარგ ოჯახშია, კარგად უვლიან. რამდენჯერაც ვიყავი, აღფრთოვანებული წამოვედით იქიდან. მახსოვს, პირველად რომ ჩავედით მის სანახავად, ბავშვმა ჩემს შესახებაც ყველაფერი იცოდა" - განუცხადა "ამბებს" დინა ნაწიფაშვილი.
ambebi.ge
0
0