09/05/2024
15:29
სამართალი
50 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი რეჟიმის მიერ მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, სატელეფონო მუქარებისა და სხვადასხვა ტიპის შანტაჟის ფაქტებს ეხმაურებიან. NGO-ები ამბობენ, რომ ისინი ყველა დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.
"8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა - ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო რუსეთი არ არის. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას კი რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასოდეს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი.
ჩვენ ყველა დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას - წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა - აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ". - ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.
0
0