10/10/2024
23:24
არჩევნები 2024
მე არ ვარ დედაქალაქის მცხოვრები, რაიონში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი ის ტკივილი, რაც თითოეულ ოჯახში არის, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩეველთან განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, კოალიციაში შეიკრიბა ისეთი ხალხი, რომელმაც საქმის კეთებაც იცის და სამშობლოს სიყვარულიც.
“მე არ ვარ დედაქალაქის მცხოვრები, რაიონში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი ის ტკივილი, რაც თითოეულ ოჯახში არის. ზუსტად ვიცი, რა უბედურება არის, რომ დედები შვილებს ზრდიან სკაიპით, ტელეფონით ზრდიან და მამები რჩებიან მარტო - ლეკიანობა ჰქვია მაგას, რაც დღეს არის მოწყობილი საქართველოში. ვერ მოიფიქრეს და ვერ მიხედეს 50%-ს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც არიან დოვლათის მწარმოებლები და რომლებსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს დოვლათი გაიტანოს, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო გააძლიეროს. ისე გააკეთეს, რომ მოსახლეობის 50% მოწყვიტეს სოციალურ პოლიტიკურ პროცესს. ამ ხალხს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს თავის სამშობლოს. ამიტომაც, ის, რასაც ითხოვდა ქართული საზოგადოება, ითხოვდა ძალიან დიდხანს და ითხოვდა შემდეგს, რომ მოვიდეს გამოცდილი ხალხი, რომელსაც არ აქვს გასვრილი ხელი კორუფციაში და ბიუჯეტის პარვაში, ხალხი, რომელსაც არ აქვს გასვრილი ხელი ქურდობაში, ხალხი, რომელსაც არ აქვს გასვრილი ხელი ქართველის დაჩაგვრაში, სისხლში - ამას ითხოვდა ქართული საზოგადოება იმის მერე, რაც ყელში ამოუვიდა ყოველდღიური ტყუილი. შეიკრიბა ასეთი ხალხი, რომელმაც საქმის კეთებაც იცის, ადამიანის დაცვაც იცის, სამშობლოს სიყვარულიც იცის და ქართულადაც უძგერს გული და ამიტომ, ჩვენ გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ძალიან ძლიერად და მერე ჩვენ ამ ქვეყანას გავხდით იმ საქართველოდ, რომელიც უნდა იყოს და რომელიც არც ერთხელ არ დაგვაცადეს”, - მიმართა მარგველაშვილმა ამომრჩეველს.
0
0