06/10/2024
17:32
არჩევნები 2024
„გახარია საქართველოსთვის“ გუნდში არასდროს გვითქვამს, რომ დროებით მთავრობას ვეთანხმებით, რადგან ეს შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს და არ არის საჭირო. რაც შეეხება მომავალ მთავრობას, ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა კონკრეტული კონსულტაციები, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლებელია, პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს ჰყავს ვინმე მოაზრებული, რისი გაზიარებაც სურს ოპოზიციური პარტიებისთვის, თუმცა ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა.
„პრეზიდენტს შეიძლება, ჰყავდეს გუნებაში კონკრეტული ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, იყოს შეთავაზებული, მაგრამ ამ ტიპის კონსულტაციები არ ყოფილა ამ ეტაპზე. ჩვენ ხომ არ ვიცით, ვისზეა საუბარი, ამიტომ ის, რაც ჯერ დეტალურად არ არის განხილული, ამაზე პოზიციის თქმა შეუძლებელია. დაველოდებით პრეზიდენტის შეთავაზებას კონსულტაციებზე, თუმცა ერთწლიანი მთავრობა არ არის ჩვენთვის მისაღები, რადგან საფრთხეებს შეიცავს, ქვეყანას ახლა სჭირდება ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით სვლა. ვადებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია, არ ვიზიარებთ იმას, რომ დროებითი უნდა იყოს მთავრობა, თუმცა ცხრა ევროპული რეკომენდაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისევე, როგორც მთავრობის ფორმირებისას პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტების საკითხის განხილვა მისაღებად მიგვაჩნია“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ სალომე ზურაბიშვილი დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად, აქუბარდია აცხადებს, რომ ამ ტიპის საუბარი არ ყოფილა.
„პრეზიდენტმაც თქვა, რომ არ ყოფილა განხილული ეს საკითხი, თუმცა ის, რომ პოლიტიკოსმა არასდროს არაფერი უნდა გამორიცხოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მომავალში სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების საკითხზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, ვფიქრობ, მისი ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისა და კონსტიტუციის დაცვისთვის მნიშვნელოვანი, სხვა დანარჩენი კონსულტაციების საგანია“, – განაცხადა აქუბარდიამ.
0
0