02/08/2022
18:46
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ტაიპეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.
პეკინმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.
ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე ჩინეთმა ზღვაში ორი ავიამზიდი გაიყვანა, ფუძიანის პროვინციაში კი ბალისტიკური რაკეტები გადაისროლა.
როგორც აღინიშნა, პელოსის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ის ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.
ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც აშშ-ს სახელით ტაივანს ეწვია.
პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა რეალურად არ აკონტროლებს არც კუნძულს და არც ტაივანის მთავრობას. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანს ბოლოს 1997 წელს სტუმრობდა. ნიუტ გინგრიჩი მაშინ კუნძულს ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ეწვია. იმ დროს პეკინს ასეთი ხისტი რეაგირება არ ჰქონია.
0
0