01/02/2025
15:27
სამართალი
სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს.
აღნიშნულის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ.
კერძოდ, სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში სამართალდამცველები ამ წუთებშიც იმყოფებიან.
„ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო“, - დაწერა ბოტკოველმა სოციალურ ქსელში.
პოლიცია მის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკს. საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრება.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა თუთბერიძემ თავად განუცხადა.
სამართალდამცველები იმყოფებიან „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც.
აღნიშნულის შესახებ ილია ღლონტი სოციალური ქსელის ჯგუფში წერს.
„ჩემთანაც პოლიციაა მოსული!“ - წერს ღლონტი.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის სახლშიც მივიდა.
შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა.
0
0