09/10/2024
17:46
სპორტი
FIFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.
- ბავშვობაში როგორი იყავი და რა იყო პატარა ხვიჩა კვარაცხელიას ოცნება?
- ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ თავიდან ეს რეალური არ ჩანდა. როცა საქართველოს ნაკრების თამაშის სანახავად წავედი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მოედანზე თავად გავიდოდი და ტრიბუნებიდან სხვა ბავშვები მხარს მე დამიჭერდნენ. მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია იქამდე, სანამ რწმენა გაქვს და იმის ნება, რომ ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთო. ოცნებები ხდება. ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ოცნება აისრულა იმით, რომ ფეხბურთელი გახდა და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.
- რას ნიშნავს შენთვის, რომ საქართველოს წარმოადგენ?
- მინდა, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. ვუყურებ, რას ვაკეთებ ამ მომენტში და მჯერა, რომ ეს ეხმარება საქართველოს და საქაართველოც მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემმა ქვეყანამ იამაყოს, იმის მიუხედავად, შემდეგ რა მოხდება.
- 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარტში დაიწყება. რას ნიშნავს შენთვის იქ მოხვედრა?
- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ოცნება ახდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. გვჯერა, რომ იქ მოხვედრა შეგვიძლია და ეს ყველაზე მთავარია. გვაქვს იმის უნარი და შესაბამისი თვისებები, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ.
- რა არის შენი ოცნება მომდევნო წლებში?
- ყველაზე მეტად ვოცნებობ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო და ჩემს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. იმედი მაქვს, ეს ოცნებები რეალობად იქცევა. საკლუბო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა კი ყველა ქართველის. მჯერა, ეს ღირსეული პატივისცემა იქნება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ღირსებას წარსულში იცავდა. გვსურს, მათ ნაბიჯებს გავყვეთ, ამ მიზანს მივაღწიოთ და ჩვენს ქვეყანას სიამაყე მივანიჭოთ.
0
0