20/05/2024
15:32
სამართალი
საქალაქო სასამართლოში გრძელდება იმ პირთა პროცესები, რომელთაც საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევას ედავებიან. დღეს უნდა გაიმართოს 55 პირის სასამართლო. მათი ნაწილი გადაიდო. საუბარია ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლზე, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ წესის დარღვევას გულისხმობს.
"ჩემი პროცესი გადაიდო 28-მდე, 11 საათზე, იმიტომ, რომ არც ვიცოდით რომელ დღეზე იყო ეს ამბავი და რა მტკიცებულება ჰქონდათ. პარლამენტის მოედანზე მე მკაფიოდ მახსოვს 21:08-ზე მივედით, ვიყავით ადამიანები, რომლებიც ვიდექით პარლამენტის მხარეს. ქუჩაზე არ ვიდექით, რადგან ველოდებოდით ადამიანებს, მაგ დღეს იყო დანიშნული აქცია 21:00 საათზე, მივედით უბრალოდ პუნქტუალურად ჩვენ, ველოდებოდით პარლამენტის მხარეს. ქუჩის მხარეს არ ვიდექი არც მე და არც ჩემი მეგობრები.
ჩემი მტკიცებულების ფოტოებში არის ჩემი პირადობის ფოტოები, მეტი არაფერი და ის, რომ ოქმი არის გამოწერილი," - აცხადებს ნატალია ყიფშიძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, არც ერთ ახალგაზრდას დაუცველად არ დატოვებენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" რამდენიმე ადვოკატია, რომელიც იცავს საქართველოს ამ პატრიოტების უფლებებს სასამართლოში და ასეც გაგრძელდება. ჩვენ ყველას დავეხმარებით და დაუცველად არავის არ დავტოვებთ. ცხადია ის, რაც ხდება დღეს არის აბსოლუტურად უკანონო, არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ის ადამიანი, რომლებიც ამ უკანონობას სჩადიან, მათი პასუხისმგებლობა დადგეს," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
0
0