05/10/2024
14:37
არჩევნები 2024
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკო-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება მოჰყვა კირთაძის მიერ ევროსაბჭოს დეკლარაციის წაკითხვას, სადაც აღნიშნულია, რომ “საბოლოოდ, ცესკო ახლახან, მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა”.
კალანდარიშვილმა კირთაძეს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ მისი განცხადება დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხს არ ეხება. ცესკო-ს თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციონერ წევრს, მის მიერვე ინიცირებული დადგენილების პროექტის განხილვას დაბრუნებოდა.
კირთაძემ ცესკო-ს წევრების მისამართით სიტყვა „მონა-მორჩილი“ გამოიყენა, რაზე საპასუხოდაც კალანდარიშვილმა უთხრა: „მონა-მორჩილები მოიკითხეთ სხვაგან“.
“ყველაფერი წაკითხული გვაქვს, რაც საჭიროა. პოლიტიკურ პლატფორმაზე არ ვიმყოფებით, სადაც პოლიტიკური განცხადებები უნდა გავაკეთოთ. ეს არ უკავშირდება დღის წესრიგს. თქვენ სხდომას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებთ. კომისიის წევრი ხართ და არა პარტიული ინტერესებით, არამედ სხვა მოტივით უნდა საუბრობდეთ”, - უთხრა კალანდარიშვილმა კირთაძეს.
ამის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ კირთაძეს მიკროფონი ჩაურთო, თუმცა მიუთითა, რომ თუ მისი განცხადება დღის წესრიგით გათვალისწინებულ დადგენილებას კვლავ არ შეეხება, იძულებული იქნება, მიკროფონი გაუთიშოს.
„სამწუხაროა, რომ რაღაც ცენზურებს აწესებთ. თქვენი ქმედებები ამ შინაარს [დეკლარაციის] ემთხვევა”,- მიმართა კირთაძემ კალანდარიშვილს.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024