10/11/2024
13:22
არჩევნები 2024
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
კერძოდ, სხდომაზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრების განიხილავენ.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს ოპოზიციის მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა.
„რომ არა 11 წევრის მხარდაჭერა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მათ შორის თქვენიც, ამ ნაწილს არ დაგიკარგავთ, დამატებით 7 უბანი არ შეიქმნებოდა. ეს არის რეალობა. რომ არა კომისიის შესაბამისი წევრების მხარდაჭერა, 67 საარჩევნო უბანი არ შეიქმნებოდა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა, რის საპასუხოდაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ მიმართა, რატომ არ შეიქმნა 67-ზე უფრო მეტი უბანი.
ამასთან, კალანდარიშვილმა განმარტა, რომ ცესკოს მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, მათი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება.
„მესმის, არ მოგწონთ რასაც გეუბნებით, მაგიტომ გამოიწვია თქვენი აღელვება. მესმის ღელვის და აღშფოთება, არ მოგწონთ, როდესაც სიმართლეს გეუბნებით. ჩვენი მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, ჩვენი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება. სხვაგან გადადიხართ, სადაც არგუმენტები არ გაქვთ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.
კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა, რომ ის „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებს.
„მმართველი პარტიის მხარეს რატომ დგახართ?! რატომ იბრძვით, რომ არსებული ხელისუფლება დარჩეს ბოლომდე? ვალდებულება გაქვთ „ქართულ ოცნებასთან“, რადგან აგირჩიეს?- აღნიშნა ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძემ, აღნიშნულის საპასუხოდ კი კალანდარიშვილმა განმარტა:
„ვინ წარმადგინა? ჩემმა საკუთარმა თავმა წარმადგინა. რა შუაშია ჩემი არჩევა?...არჩევნების დღეს სადაც იყო შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მყისიერი რეაგირება მივიღეთ. ვხედავთ, რომ კამერები გხიბლავთ ხოლმე, ისეთი მოქმედებები შექმნა...დამშვიდდით. მგონი, საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს თქვენი მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს „ბოტები“ უწოდა. აღნიშნულის საპასუხოდ კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ „გამყალბებლები“ უწოდეს.
0
0