25/01/2025
15:20
პოლიტიკა
2 დღე საპარლამენტო ასამბლეამდე სტრასბურგში და ურთიერთბრალდებები თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო ასამბლეისგან ითხოვენ, არ დადასტურდეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ.
პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ცალკეული ქვეყნების დელეგაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ.
"შეხვედრები იქნება როგორც დიდ ფორმატში, საპარლამენტო
ასამბლეის გენერალური შეხვედრის ფორმატში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცალკეული ქვეყნების დელეგაციებმა გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ამავე თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
"ჩვენ ვიცავთ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ევროპულ მომავალს. ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ჩვენი პარტნიორი პარტიის მოწვევით იქნება და დამატებით ინფორმაციას მიაწვდის შექმნილ ვითარებაზე, რომელიც უკავშირდება იმ ვალდებულებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროსაბჭოს წინაშე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ეს არის თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვალდებულებაც - განიხილოს წევრი ქვეყნის მხრიდან ამ ვალდებულებების გადახვევა", - აცხადებს თეონა აქუბარდია.
0
0