27/07/2024
12:13
სამართალი
სასტიკი მკვლელობა ლეჩხუმში. ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.
ძმის მკვლელობისთვის დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს სავარაუდოდ დღის განმავლობაში წარუდგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძმას - 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ბ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
0
0