10/11/2023
12:52
სპორტი
იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერილი წიგნის, „კვარადონა ქართული სასწაული“ პრეზენტაციას დაესწრო და ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა, – ინფორმაციას გამოცემა Spazionapoli ავრცელებს.
„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ კვარაცხელიასადმი სიყვარული გამოხატა და „ოქროს ბურთის“ მოგების მომავალ სავარაუდო კანდიდატად დაასახელა.
„კვარაცხელიამ თავიდანვე დამაინტერესა, მან იტალიაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა. ფიზიკურად და სტილით ლენტინის მაგონებს, მაგრამ ლენტინი უფრო მძლეოსანი იყო, ქართველს კი აქვს დრიბლინგი, ისეთი მოძრაობა და უნარები, რაც ცოტა მოთამაშეს ახასიათებს.
ჩვენ „ოქროს ბურთზე“ კვარას შანსებზე ვსაუბრობდით. მას საამისოდ სასურველი ვითარებაც სჭირდება. ის ნიჭიერია და როდესაც სხვა მოთამაშეები კარიერას დაასრულებენ, რონალდუ, მესი და ნეიმარი, ის მბაპესა და ჰალანდს კონკურენციას გაუწევს“, – განაცხადა იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ.
„მკაფიო და ზუსტი სიტყვები, რომელიც „კვარადონას კორონაციას“ გამოხატავს. მან ეს შეფასება ევროპაში მოპოვებული აღიარებებით უკვე დაადასტურა. ბუფონისგან კი ასეთი სიტყვები ძალიან დამაჯერებლად გაისმა.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ქართველმა ყველას გაოცება შეძლო. სერია A კი „ნაპოლის“ მესამე ჩემპიონობით დაგვირგვინდა.
ჩატარებულ 34 თამაშში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაამატა – ეს გიჟური სტატისტიკაა ადამიანისთვის, რომელიც ნეაპოლში ჩამოსვლამდე სრულიად უცნობი იყო.
ამ ჩემპიონატში ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე ნელ-ნელა ფორმაში შევიდა, მან 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა“, – წერს იტალიური გამოცემა Spazionapoli.
0
0