09/12/2022
19:25
სპორტი
როდესაც მეოთხედფინალების წყვილები გაირკვა, ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა, პირველ სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ზუსტად ამავე გუნდების შთამბეჭდავი შეხვედრები, რომლებიც ერთნაირი ანგარიშით დასრულდა 3-1.
1978 - ეს იყო ფინალი, არგენტინა - ჰოლანდია 3-1.
1982 - პირველი ჯგუფური ეტაპი, პირველი ტური, ინგლისი - საფრანგეთი 3-1, დამამახოვრდა რობსონის მატჩის დაწყებიდან წამებშივე გატანილი გოლით,
1986 - პირველი ჯგუფური ეტაპი, ბოლო ტური, პორტუგალია - მაროკო 1-3.
აფრიკული გუნდის გამარჯვება „ევრო-84“-ის ერთ-ერთ ტრიუმფატორთან.
სამივე თამაში ნანახი მაქვს და როგორც გითხარით, შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება.. დარჩა კიდევ ერთი, ხორვატია - ბრაზილია. კადრების ორი სამჭედლო ფეხბურთში.
წელს ბრაზილიელები მოედანზე დაფრინავენ, აცეკვებენ მწვრთნელს მოედნის გარეთ, ხოლო მწვრთნელი მათ, მოედანზე. ჩატარებული მატჩების ნახევარი დიდი ანგარიშით მოიგეს, მაგრამ მეტოქეები არ ყოფილან საფეხბურთო მაღალი საზოგადოებიდან. ეროპულ საშუალო გუნდებს მხოლოდ ყატარში შეხვდნენ და უფრო მოკრძალებულად მოუგეს, ვიდრე, პორტუგალიამ იგივე შვეიცარიას. ხოლო, საკვალიფიკაციო ტურნირზე არგენტინასთან თამაში არ მოუწიათ. მიუხედავად ამისა, მათი შანსები უფრო მეტია, ვიდრე ხორვატიის, რომლისგანაც 20 წელი ველოდით 1998 შედეგის გამეორება-გაუმჯობესებას და წინა ჩემიონატზე ვიხილეთ კიდეც.
სამხრეთ ამერიკულ გრანდთან შეხვედრამდე, ხორვატებმა მოასწრეს თამაში თითო ჩრდილოამერიკულ, ევროპულ, აზიურ და აფრიკულ ნაკრებებთან. სამი ყაიმის გარდა, მოგება აქვთ მხოლოდ ახალი სამყაროს წარმომადგენელთან. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშე, ვინისიუსის პრესკონფერენციაზე, უხეშად მოეპყრო მაგიდაზე ამხტარ კატას, ხორვატების წარმატება მოულოდნელი არ უნდა იყოს.
იმავე დღესვე, მოგვიანებით, ჩატარდება მატჩი - ჰოლანდია არგენტინა. შეიძლება ზოგჯერ ზედმეტია ისტორიული წიაღსვლები, მაგრამ კროიფი, მარადონა, მესი- ეს ის ფიგურა და მოქმედი პირებია, ვინც ქმნიდა ამ ქვეყნის ნაკრებს, მათ ისტორიას. ხშირად ეულადაც და აღწევდა წარმატებებს. ურთიერთდაპირისპირებებში კვალი დატოვა მხოლოდ კროიფმა. 1974 წელს, ეს გუნდები 1 თვის განმავლობაში 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მფრინავმა ჰოლანდიელებმა 4-1 და 4-0 გაიმარჯვეს. შემდეგ იყო 1978 წლის ფინალი - ეს იყო ერთადერთი მატჩი არგენტინაში და მათი ერთადერთი გამარჯვება. ამის შემდეგ დაიწყო, ამ გუნდების თითქმის, უგოლო მატჩები. 6 ურთიერთ შეხვედრაში ორივე გუნდმა, მხოლოდ 6 გოლი შეაგდო, ხოლო ბოლო 2 შეხვედრა - 2006 და 2014 მსოფლიოს ჩემპიონატებზე, საერთოდ გოლის გარეშე დასრულდა. ანუ, მესის ეპოქაში ამ გუნდებს ერთმანეთთან, გოლის გატანა არ უზეიმიათ.
ჩემი მოსაზრებით, ჰოლანდიელებმა უფრო იოლად გადალახეს 1/8 ფინალი, ვიდრე მათმა მეტოქეებმა. მოწინააღმდეგე გუნდები იყვნენ ავსტრალიისა და აშშ ნაკრებები.
მეოთხედფინალების მეორე დღე იწყება მატჩით, სადაც, თითქოს, ყველაფერი ნათელია სხვა შეხვედრებთან შედარებით - პორტუგალია - მაროკო. რეალურად კი, პორტუგალიის წინააღმდეგ დგება გუნდი, რომლის კარშიც მეტოქეს არც თამაშიდან გაუტანია გოლი და ვერც მატჩის შემდგომი პენალი გაუტანეს. მხოლოდ მაროკოელმა ფეხბურთელმა გაუტანა, კანადასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში, სწორედ კანადაში, მონრეალში დაბადებულ თავისივე მეკარეს. არადა, ამ ჩემპიონატზე ყველაზე სერიოზული მეტოქეები, სწორედ ამ აღმოჩენა-გუნდს ჰყავდა: წინა ჩემპიონატის ფინალოსანი ხორვატია, ვარსკვლავებით გაძეძგილი ბელგია, და ბოლოს, ესპანეთი, რომლის გავარდნაც ალბათ ყველაზე მოულოდნელი იყო.
ჯგუფურის სენსაციებს აქვს ახსნა.. რჩება კიდევ შანსი, მაგრამ მერვედფინალში უკვე ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა. საინტერესოა, რომ ესპანეთის მერვედფინალური მატჩის სტატისტიკა, ბევრი მონაცემით, ზუსტად დაემთხვა 2018 წლის მერვედფინალის მატჩის სტატისტიკურ მონაცემებს, რომელშიც რუსეთმა, ასევე, პენლების სერიით დაამარცხა ფავორიტი ესპანეთი. თუმცა, მაშინ ესპანელებმა თამაშშიც გაიტანეს გოლი რუსების კარში და მატჩის შემდგომი პენალტიც შეაგდეს. მოკლედ, პორტუგალიას წარმატების მისაღწევად მოუწევს დაცვის გადალახვა და სავარაუდოდ, მატჩის შემდგომი პენალტების სერიის თავიდან აცილება.
მაროკოს ნაკრები, და როგორც ვატყობ, ფეხბურთისადმი მიდგომა, ამ ქვეყანაში ცალკე შესასწავლი თემაა. მეკარეზე ვთქვით, კანადაშია დაბადებული და დანარჩენი 25 ფეხბურთელიდან 13, ასევე არ არის მაროკოში დაბადებული. არამედ, ნიდერლანდებში, ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. ისიც ვთქვათ, რომ 20 კაცი ევროპის ელიტარულ ლიგებში თამაშობს.
დაგვრჩა ბოლო მატჩი - ინგლისი - საფრანგეთი. საფრანგეთს აქვს ყველა შანსი, პირველად ისტორიაში, მოუგოს ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატებზე. და ეს შანსი, გამყარებულია მისი შემადგენლობით, მწვრთნელით, თამაშის ხარისხით და შედეგებით ამ ტურნირზე. მუხედავად იმისა, რომ ჩემზე პირველი შთაბეჭდილება მოახდინა სწორედ ინგლისის ნაკრებმა, თავისი მშვენიერი მწვრთნელით გარეტ საუთგეიტით. საერთოდ, იგლისური ჩემპიონატი უხვადაა წარმოდგენილი ამ ტურნირზე. მარტო ის რად ღირს, რომ ინგლისური ფეხბურთის 4 სხვადასხვა ლიგიდან არიან ფეხბურთელები, სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებ გუნდებში. მათ შორის, რვავე მეოთხედფინალისტის შემადგენლობაშია, ხოლო პრემიერლიგიდან ყველაზე მეტი, 134 ფეხბურთელი, „ყატარი 2022“-ის მონაწილეთა განაცხადებში იყო. შედარებისთვის, ესპანური ლიგიდან- 83, გერმანული ბუნდესლიგიდან -77. რჩევა არ გინდათ, აუცილებლად უყურებთ ამ თამაშებს, დაიწყებთ ბრაზილიელების ცეკვის მოლოდინით და დაასრულებთ ინგლის-საფრანგეთის 90 ან 120 წუთიანი ომით.
ჰოკეის გულშემატკივარი, გიორგი გოგოლაძე
0
0