08/07/2024
16:24
სამართალი
პარლამენტის ნდობის ჯგუფის ყოფილი წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ საქართველოს სპეცსამსახურებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან იყო რეკომენდაციები, პრეზიდენტთან დაკავშირებული გარკვეული ხარჯები ყოფილიყო საიდუმლო.
როგორც გივი თარგამაძემ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, მას ყველა ხარჯი დეტალურად არ უნახავს, ვინაიდან ეყრდნობოდა აპარატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და საეჭვო ხარჯის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.
„ჩვენ ვაკვირდებოდით, რამდენად დაცულია უსაფრთხოება. ფაქტია, რომ თავდასხმა არ განხორციელებულა იმ პერიოდში და ამიტომ მიგვაჩნდა, რომ ნორმალურად მიდის პროცესი, შესაბამისად, სუვენირი სად იყიდეს, არ დავინტერესებულვარ“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
ამასთან, თარგამაძემ გარკვეული ტიპის ხარჯების გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით აღნიშნა: „როდესაც საფრთხემ მოიმატა, როცა ჩვენმა სპეცსამსახურებმა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსაუხრებმა მიგვითითეს ამაზე, მოგვცეს შესაბამისი რეკომენდაციები, მაშინ გვქონდა რეაგირება. რეკომენდაცია მოგვცა მაგალითად, ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა“.
რაც შეეხება პროკურორის შეკითხვას, „თანამდებობის პირს როცა მიენიჭება უფლება, გახარჯოს ნებისმიერი თანხა, არის თუ არა ეს პრივილეგია, უპირატესობა? თქვენ ხომ გეკავათ გარკვეული თანამდებობა, დავუშვათ თქვენი შვილების სწავლის საფასური გადაეხადათ, აუზზე მიეყვანათ, ტელეფონი ეყიდით, თქვენთვის ეპილაცია გაეკეთებინათ, გასახდომ პროცედურაში ფული გადაეხადათ, თქვენს შემთხვევაში რომ მოხმდარიყო, იქნებოდა ეს უპირატესობა თუ – არა?“, – გივი თარგამაძემ უპასუხა: „ჩემს შემთხვევაზე ხომ არ მიგვიღია? ეს იყო ომში მყოფი სახელმწიფოს უმაღლესი პირის მიმართ, რომელსაც მტრის სახელმწიფოს პირველი პირი ღიად ემუქრებოდა. არ არის ჩემსა და მას შორის განსხვავება? სხვათაშორის, მეც ამაფეთქეს ბოლო ბოლო“.
გივი თარგამაძის განმარტებით, იგივე ბოტოქსი სამედიცინო პროცედურაა და ეს პროცედურაც საფრთხეს შეიცავდა.
„ამ პროცედურის დროს შეიძლება შეყვანილი იქნას. თუ ჩაიში შეიძლება, პოლონიუმი ჩაგისხან, მგონი, სამედიცინო პროცედურის დროს ძალიან ადეკვატურია, იფიქრო, რომ რაღაც ასეთივე მსგავსი საფრთხე შეიძლება არსებობდეს. მეტსაც ვიტყვი, სუვენირიც იგივე საფრთხის შემცველია. ოთხი კურსი მაქვს დამთავრებული სამედიცინო ინსტიტუტის. მანდ უფრო ექსპერტი ვარ, ვიდრე დაცვაში. ტექნიკურად ეს სამედიცინო პროცედურაა. რა თქმა უნდა, სამედიცინო ტექნიკით კეთდება და გამოყენებულია სამედიცინო პრეპარატი. რისთვის არის განკუთვნილი, ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, სამედიცინო პროცედურაა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
ამასთან, გივი თარგამაძემ უპასუხა კითხვას, რამდენად რეალური იყო რუსეთიდან მომდინარე საფრთხე.
„იმ პერიოდში პარალელურად მიმდინარე მოვლენებმა და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც არის მათ შორის უკვე გასაჯაროებული, საერთაშორისო, ავტორიტეტული გამოძიებების მიერ მხილებული, ნათლად დაგვანახა, რა ტიპის საფრთხეებზე იყო ლაპარაკი. პარალელურად, იმ პერიოდში, პუტინის პირად მტერს, ლიტვინენკოს, ფაქტობრივად, პოლონიუმი დაალევინეს. ვინც დაალევინა, ის გარკვეული პერიოდი საქართველოში იმყოფებოდა, პატარაკაციშვილის დაცვის უფროსი იყო, ვინც დაალევინა ფიზიკურად“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
0
0