03/07/2024
11:20
მედიცინა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ბოლო კვლევის თანახმად, ქრონიკული B ჰეპატიტი 70 000 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც ანტივირუსული მკურნალობა 35 000 პაციენტს სჭირდება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან(20 ივნისიდან) მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში პროგრამაში ჩაერთო 100-ზე მეტი ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტი.
„საქართველო მიეკუთვნება ქრონიკული B ჰეპატიტის საშუალო/მაღალი გავრცელების ქვეყნებს. კერძოდ, ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული ბოლო (2021 წ.) სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქრონიკული B ჰეპატიტის გავრცელება 2.7%-ია, რაც აბსოლუტურ რიცხვებში დაახლოებით 70 000 ადამიანია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების მიხედვით ანტივირუსული მკურნალობა ესაჭიროება ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტების დაახლოებით 50%-ს(ადრინდელი მონაცემებით მკურნალობა ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ 20-25%-ს), რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 35 000 პაციენტს შეადგენს. დანარჩენები კი უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რათა არ გამოგვრჩეს მომენტი, როცა მათაც დასჭირდებათ ანტივირუსული მკურნალობა”,- აღნიშნა ცერცვაძემ.
0
0