22/11/2023
18:26
სპორტი
2024 წლის 21 მარტს, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში, საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, აღნიშნულ შეხვედრას, დისკვალიფიკაციის გამო, გამოტოვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ ისაუბრა.
„პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ.
2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება ახლაც მიჭირს.
იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემ სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.
ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.
იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენ გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე“, – თქვა გიორგი კაციტაძემ.
0
0