06/02/2023
14:06
ეკონომიკა
ნავთობის ახალი რუკა: როგორ აქცევს ინდოეთი რუსეთის ნედლეულს დასავლეთის საავატომობილო საწვავად- ამის შესახებ Bloomberg წერს.
ინდოეთი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნავთობის გლობალურ ბაზრებზე, რუსულ ნავთობს იაფად ყიდულობს და მას ევროპასა და აშშ-ში ექსპორტის მიზნით [საავატომობილო] საწვავად გადაამუშავებს.
ნიუ დელი დასავლეთის ინტერესებს ატარებს - მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებას და ნავთობის მიწოდებით გამოწვეული შესაძლო ეკონომიკური შოკის თავიდან აცილებას. ევროპის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ინდოეთი უფრო ცენტრალური მოთამაშე ხდება გლობალური ნავთობის რუკაზე, რომელიც უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ერთწლიანმა ომმა ხელახლა შექმნა.
„აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ორი ძირითადი მიზანი აქვს: ბაზრის კარგად მომარაგება და რუსეთისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა. მათ იციან, რომ ინდოეთის და ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუძლიათ მიიღონ უფრო დიდი მარჟა რუსული ნედლი ნავთობის ფასდაკლებით შეძენით და პროდუქციის საბაზრო ფასებში ექსპორტირებით“, - თქვა ბენ კეჰილმა, ვაშინგტონის კვლევითი ცენტრის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა.
კომპანია Kpler-ის მონაცემებით, გასულ თვეში ინდოეთი ნიუ-იორკში დაახლოებით 89 000 ბარელ ბენზინსა და დიზელს აგზავნიდა დღეში, რაც ყველაზე მეტი რაოდენობაა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. იანვარში, გოგირდის დაბალი შემცველობის დიზელის ყოველდღიურმა ნაკადმა ევროპაში 172 000 ბარელი შეადგინა, რაც ყველაზე მეტია 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ.
მოსალოდნელია, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციების ამოქმედების შემდეგ, ამ აზიური ქვეყნის მნიშვნელობა გაფართოვდება. სანქციების შედეგად, უფრო მეტი მომხმარებელი, განსაკუთრებით ევროპაში, აზიას ნავთობის მიწოდების ხარვეზის შევსების საშუალებას მისცემს.
ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის რუსულ იაფ ნავთობს ინდოეთისთვის, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, რათა დააკმაყოფილოს ნედლი ნავთობის მოთხოვნილების დაახლოებით 85%. ქვეყნის ნავთობგადამამუშავებლებმა, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, გასულ წელს ექსპორტი გაზარდეს, რათა მაღალი საერთაშორისო ფასებით ისარგებლონ.
"ინდოეთი გადამუშავებული პროდუქტის წმინდა ექსპორტიორია და დიდი ნაწილს დასავლეთში გააგზავნის, მიმდინარე შეზღუდვის შესამსუბუქებლად. დღესავით ნათელია, რომ ამ პროდუქტისთვის გამოყენებული ნედლეულის მზარდი წილი რუსეთიდან მოდის“, - თქვა სინგაპურში მოქმედი ING Groep NV-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელმა, უორენ პატერსონმა.
ევროკავშირის მითითებების თანახმად, ინდოეთი, სავარაუდოდ, წესების ფარგლებში მოქმედებს. როდესაც რუსული ნედლეული საწვავად გადამუშავდება ბლოკის გარეთ მყოფ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ინდოეთი, გადამუშავებული პროდუქტების მიწოდება ევროკავშირისთვის შესაძლებელი ხდება, რადგან ისინი რუსული წარმოშობის მქონედ „აღარ ითვლება“.
„“შვიდი ქვეყნის ჯგუფს“ სურს, მაქსიმალურად შეამციროს მოსკოვის შემოსავალი, ამავდროულად, მათ რუსეთის ნავთობისა და გადამუშავებული პროდუქტების ნაკადის გაგრძელების ინტერესიც აქვთ, ნავთობის მიწოდების გლობალური შეფერხების თავიდან ასაცილებლად,“ - თქვა შპს Vortexa-ს აზიის საკითხებში ანალიტიკოსმა, სერენა ჰუანგმა.
კრემლში შემოსავლების შემცირებისა და ნავთობის ბაზარზე შენარჩუნების მექანიზმის მთავარი ასპექტი რუსული ნედლი ნავთობის ფასის შეზღუდვა იყო - სადამსჯელო ზომა, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა. ინდოეთს საჯაროდ არ განუცხადებია, იცავს თუ არა ქვეყანა ფასის ლიმიტს, მაგრამ სანქციებმა OPEC+-ის მწარმოებლის ნავთობი ბარელზე $60 დოლარამდე შეამცირა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ დაწესებულია ფასის ლიმიტი, რომელიც ქვეყნებს, მათ შორის ინდოეთს, შეუძლიათ გამოიყენონ ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ხოლო კრემლის შემოსავალი კი - შეზღუდონ.
„ინდოეთის მზადყოფნა მეტი რუსული ნედლი ნავთობის ყიდვისთვის, უფრო მკვეთრი ფასდაკლებით მახასიათებელია და არა ხარვეზი დასავლეთის ქვეყნების გეგმაში, რომელიც ითვალისწინებს პუტინისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენებას“, - თქვა კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის დამფუძნებელმა/დირექტორმა და ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა ჯეისონ ბორდოფმა.
საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, აშშ-ისა და აბუ-დაბის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელი და ოფიციალური პირები ორშაბათს ბანგალორში (ინდოეთში) სამდღიან ენერგეტიკულ ფორუმზე იკრიბებიან, რომელიც ორგანიზებულია ინდოეთის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სამინისტროს მხარდაჭერით.
0
0