07/10/2024
12:56
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ბჟანია თავის მილოცვაში პუტინს „ისტორიის თანამედროვე ეტაპის გამოჩენილ და ავტორიტეტულ მსოფლიო ლიდერს“ უწოდებს.
„თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციაში ეპოქალური ცვლილებები მოხდა, რამაც რუსეთის და მისი მოქალაქეების ცხოვრება გაამრავალფეროვნა. ქვეყანამ დიდ სიმაღლეებს მიაღწია და საერთაშორისო არენაზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. თქვენი მოღვაწეობა რუსეთის პრეზიდენტის და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე არის რუსეთის განმტკიცების ისტორია, რომელიც ფუნდამენტურ ფასეულობებს - თავისუფლებასა და სამართლიანობას ეფუძნება“, - წერს ასლან ბჟანია.
მისი თქმით, აფხაზი ხალხი პუტინის უსაზღვროდ მადლობელია მისი წვლილისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მისი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ბჟანიას თქმით, პუტინი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების მხარდაჭერაში პირადად მონაწილეობს.
ცხინვალის ლიდერმა ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ ეს თარიღი არის რუსეთის სიძლიერის აღდგენაში პუტინის წვლილის თაობაზე შეხსენება, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ლიდერის პოზიციაზე მის ნაყოფიერ მოღვაწეობას უკავშირდება.
„სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა იმ უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის, რაც თქვენ გაგვიწიეთ სამხრეთ ოსეთის აღდგენასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - წერს ალან გაგლოევი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს 72 წლის გახდა. საკონსტიტუციო ცვლილებების წყალობით ის რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას თითქმის მეოთხედი საუკუნე ინარჩუნებს. პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში რუსეთის კონსტიტუცია პრეზიდენტს ორი ვადის შემდეგ ამ თანამდებობის დაკავებას უკრძალავდა.
0
0