21/02/2024
12:38
კონფლიქტები
სოხუმი დაინტერესებულია "საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ TASS-თან ინტერვიუში.
„ზოგადად, ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ანტაგონიზმი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ გვქონდა პრეტენზია მათზე, ვინც დაიწყო ეს ომი და მათ მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ომში. ამან ყველაფერი ძირეულად შეცვალა“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, დღეს „არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, რომლის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს რუსეთის ხელმძღვანელობა და ხალხი“.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი განვითარების გზა და მივყვებით მას. ამავე დროს, ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით. ეს ერთი ამბავია. მეორე ამბავი ის არის, რომ ჩვენ გვესმის, ეს რამდენად რთულია“, - დასძინა მან.
ბჟანია საუბრობს მაგალითებზე „როცა ადამიანთა ჯგუფი არ იყო მზად ასობით წლის განმავლობაში არსებული რეალობის მისაღებად“.
ამასთან, ბჟანიამ კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატულ მიდგომაზე“.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოს ლიდერებს, როგორც მეჩვენება, პრაგმატული მიდგომა ჰქონდათ ყველაფრისადმი. ისინი არ მონაწილეობდნენ იმ პროვოკაციაში, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, მათ შორის, მხარდაჭერა არ ჰპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. ასე მეჩვენება. მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, ამით შეიძლება ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა“, - განაცხადა ბჟანიამ.
0
0