13/10/2024
21:59
მსოფლიო
2001 წლის 11 სექტემბერი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღის სახელით შევიდა. ამ კოშმარულ დღეს ნიუ-იორკში, ალ ქაიდას ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითმფრინავი ცათამბჯენებს შეეჯახა, შედეგად 2603 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმის შემდგომ წლებში, ტერაქტით მიღებული ზიანის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2996-მდე გაიზარდა. ამასთან, ათასობით ადამიანი კვლავ განიცდის ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებს.
აშშ და მისი დაზვერვა ამ და სხვა არაერთ ტერაქტზე პასუხისმგებელ ოსამა ბინ ლადენს ათწელეულის განმავლობაში ეძებდა, სანამ საბოლოოდ ის საკუთარ სახლში არ მოკლეს.
ალ-ქაიდას ლიდერს უამრავი ნათესავი ჰყავდა, რომლებიც მისგან განსხვავებულად ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, რომ ტერორისტის დატოვებული შხამიანი მემკვიდრეობისთვის თავი დაეღწიათ.
- ვაფა დუფური ოსამა ბინ ლადენის დის შვილია. 2001 წლის 11 სექტემბერს ის დედასთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა, თუმცა ტრაგიკულმა დღემ მის ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. დუფური აშშ-ში, საკუთარ სახლში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა აფეთქების შემდეგ იძულებული გახდა ექვსი თვით დედასთან დარჩენილიყო:
"გაქრობა მინდოდა. უამრავი სტატია იბეჭდებოდა ჩემზე და ამ ყველაფერთან გამკლავება არ შემეძლო. წერდნენ, რომ აფეთქების შესახებ წინასწარ ვიცოდი და ამიტომ წავედი შვეიცარიაში, წერდნენ, რომ მდიდრულად ვცხოვრობდი და წვეულებებზე გიჟურად ვერთობოდი... მთელი დღე ვტიროდი. არ მინდოდა ასეთ საძაგლობასთან რამით ვყოფილიყავი დაკავშირებული, თუმცა დღემდე მიწევს იმის ახსნა, რომ ამ ამბავთან არაფერი მაკავშირებს. მას შემდეგ მხიარულებაც მეკრძალება. ყველა "იმ კაცთან" მაკავშირებს, არადა, მასთან არაფერი მაქვს საერთო. ჩემს გარდა კიდევ 400-მდე ადამიანია მისი ნათესავი, თუმცა ყველა საუდის არაბეთშია, ამიტომ მათ არავინ ერჩის. მხოლოდ მე ვარ აქ", - საუბრობდა დუფური ერთ-ერთ ინტერვიუში.
დუფურმა მუსიკალურ კარიერაშიც სცადა ბედი, თუმცა უშედეგოდ. ოსამა ბინ ლადენის ნათესავის იარლიყის მოშორება მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ის დღემდე თავს არიდებს ბიძაზე საუბარს, რომელსაც მისი თქმით, არასდროს შეხვედრია.
37 წლის ნურ ბინ ლადენიც ტერორისტის დისშვილია. გლამურული ცხოვრების მოყვარული ნური ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერია. 2020 წელსინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებზე ტრამპს გულშემატკივრობდა. ნურის ეს გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება მისი ბიძის განაცხადს: "ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქურდები და ტერორისტები ამერიკელები არიან",- ამბობდა ოსამა 1999 წელს. თუმცა ნურის თქმით, მსოფლიოში არსებულ პრობლემებში რადიკალური ისლამი იყო დამნაშავე.
ნური შვეიცარიაში დედამ, მწერალმა კარმენ დუფურმა გაზარდა. "ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებული იქნებოდა საუდის არაბეთში რომ გავზრდილიყავი. მე თავისუფლებისა და ძირითადი ინდივიდუალური უფლებების ღრმა მადლიერებით გავიზარდე". ის 14 წლის იყო, როცა ბიძამისმა 11 სექტემბრის ტერაქტი მოაწყო "განადგურებული ვიყავი. 3 წლის ასაკიდან დედასთან ერთად წელიწადში რამდენჯერმე ჩავდიოდი შტატებში. აშშ-ს ჩემს მეორე სახლად მივიჩნევდი", - უყვებოდა ნური მედიას.
ომარ ბინ ლადენი - ხელოვანი, რომელსაც ალ ქაიდას ლიდერად ზრდიდნენ, რათა მამის ადგილი დაეკავებინა.
43 წლის ომარ ბინ ლადენი ნორმანდიაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა მას ამ კვირაში საფრანგეთში ხელახლა შესვლა აეკრძალა. ომარი საფრანგეთიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც ხელისუფლებამ ის სოციალურ ქსელებში ტერორიზმის განდიდებაში დაადანაშაულა. ფრანგული პოლიციის თქმით, მან გასულ წელს სოციალურ მედიაში ბინ ლადენის გარდაცვალების წლისთავზე კომენტარები გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტერორიზმს და ალ ქაიდას ადიდებდა.
როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ომარი 19 წლის ასაკში საუდის არაბეთიდან გაიქცა და დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, რომ ბინ ლადენის შვილი იყო. ეს მხოლოდ 2022 წელს გაამხილა. აღმოჩნდა, რომ ოსამა მას მემკვიდრედ ზრდიდა. როგორც ომარი მედიასთან ამბობდა, ბავშვობაში სცემდნენ, უდაბნოში გადარჩენის გაკვეთილებს უტარებდნენ და იმასაც უყურებდა, როგორც ცდიდნენ ქიმიურ იარაღს მის ლეკვებზე. ომარის თქმით, მიუხედავად მამის სისასტიკისა, დედის მხრიდან მისი, როგორც ხელოვანი ადამიანის განვითარებას უწყობდნენ ხელს.
"დედას ხატვა უყვარს, ასევე ჩემს ერთ-ერთ დას. ბიძაჩემიც ძალიან კარგი მხატვარი იყო. ასე რომ, ხატვის მოთხოვნილება სისხლში მაქვს", -ამბობს ომარი.
0
0