09/01/2025
11:10
მსოფლიო
ბილი კრისტალი და პარიზ ჰილტონი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომელთა სახლები ლოს-ანჯელესში მომხდარი ტყის მასიური ხანძრის შედეგად დაიწვა.
„ძალიან ვწუხვართ სტიქიის გამო. წყნარი ოკეანის პალიზადებში, მე და ჩემი მეუღლე 1979 წლიდან ვცხოვრობთ. ჩვენი სახლის ყოველი სანტიმეტრი სიყვარულით იყო სავსე. ლამაზი მოგონებები დაგვრჩა, რომელთა წაშლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გული გვტკივა, თუმცა ჩვენი შვილების და მეგობრების სიყვარულით ამას გადავლახავთ,“ - თქვა კრისტალმა.
პარიზ ჰილტონის თქმით, ხანძრის შედეგად, მალიბუში მისი სახლი დაიწვა.
„ჩემს ოჯახთან ერთად ახალ ამბებს ვუყურებ... პირდაპირ ეთერში ვხედავ, როგორ იწვის ჩვენი სახლი მალიბუში. სახლთან ერთად, უამრავი ძვირფასი მოგონება დაიწვა,“ - წერს ჰილტონი Instagram-ზე.
დაიწვა ამერიკელი მსახიობის ჯეიმს ვუდსის სასახლე, რომელიც ასევე წყნარი ოკეანის პალიზადებში მდებარეობს.
"ერთ დღეს აუზში ბანაობ და მეორე დღეს ყველაფერი ქრება", - განუცხადა მსახიობმა CNN-ს.
წყნარი ოკეანის პალიზადებში ასევე ცხოვრობენ ჯენიფერ ენისტონი, ბრედლი კუპერ, ტომ ჰენქსი, რიზ უიზერსპუნი, ადამ სენდლერი და მაიკლ კიტონი.
როგორც CNN-ი იუწყება, ქალაქში ხანძარი 6 ლოკაციაზე ვრცელდება, განადგურდა 1000-ზე მეტი ნაგებობა და კინოვარსკვლავების სასახლეები. სანტა-მონიკას მთებისა და წყნარი ოკეანის სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი ფერფლად გადაიქცა.
Palisades Charter-ის საშუალო სკოლა, რომელიც გამოყენებულია 1976 წელს გადაღებულ საშინელებათა ჟანრის ფილმში, Carrie-ი, განადგურებულია. სტიქიური უბედურების გამო გაუქმდა ვარსკვლავური ღონისძიებები - ფილმების - "Unstoppable", "Better Man" და "Wolfman" პრემიერა, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების პირდაპირი ცერემონია და ოსკარის ნომინაციების ღონისძიება.
0
0