24/10/2024
15:10
სამართალი
უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ წალკაში. ოთხი ახალგაზრდა ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
მომხდარს ჩვენთან საუბარში ადასტურებს წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ემზარ გელოვანი. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭები თბილისში "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციაზე იყვნენ და იქიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია დატრიალდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში მერის მოადგილე არ ადასტურებს.
"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, 4 ახალგაზრდა კაცია გარდაცვლილი. სვანი ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა მანქანამ დაარტყა ამ დროს. სამწუხაროდ, ოთხივე ადგილზე დაიღუპა. არ მისული წალკამდე მოხდა ეს ტრაგედია. ახალგაზრდები არიან, 35 წლის არის ყველაზე უფროსი, უმცროსი კი 22 წლის. როგორც ვიცი, სვანეთიდან მოდიოდნენ მანქანით. ვინც დაეჯახა ის გამვლელია, სატვირთო მანქანით მოძრაობდა და გაიტანა ყველანი. თბილისშია გადაყვანილი ცხედრები და ახლა მიდის ექსპერტიზა, ჯერ დასრულებული არ არის. ოთხივე ადგილზე დაიღუპა, მძიმე ტრაგედიაა. თანავუგრძნობ მათ ოჯახებს. მეც შევესწარი მომხდარს, ავარია უკვე მომხდარი იყო, პოლიცია იქ იყო, გავაჩერეთ მანქანა და გავიგეთ ეს საშინელება...", - ამბობს ჩვენთან საუბარში ბატონი ემზარი.
გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებაც ვცადეთ ბატონ ემზართან და ვკითხეთ, ახალგაზრდები აქციიდან ხომ არ ბრუნდებოდნენ, მან ეს ინფორმაცია უარყო.
"ახლა მიაბამენ აქციას მომხდარს, მაგრამ ამ ბიჭებს შეხება არ ჰქონიათ აქციასთან. როგორც ვიცი, სვანეთიდან მოდიოდნენ, ერთ მანქანაში ისხდნენ... სახლებამდე სადღაც ერთი კილომეტრი ჰქონდათ დარჩენილი, როდესაც, სამწუხაროდ, ეს უბედურება მოხდა", - ამბობს ემზარ გელოვანი.
აღნიშნულთან შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979
წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ, ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024