18/02/2023
19:23
კულტურა
ბერლინის 73-ე კინოფესტივალზე შონ პენისა და აარონ კაუფმანის დოკუმენტური ფილმის „სუპერძალა“ პრემიერა გაიმართა.
გადაღებები უკრაინაში 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. თავდაპირველად პენი და კაუფმანი დაინტერესდნენ პოპულარული კომიკოსის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკოსად ქცევით. ფილმი აჩვენებს ზელენსკის კარიერის ეტაპებს, ფრაგმენტებს მისი შოუდან, გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.
2022 წლის 24 თებერვალს ფილმის ჩანაფიქრი შეიცვალა. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მალევე შონ პენი შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის. გადამღებმა ჯგუფმა დატოვა უკრაინა უსაფრთხოების მიზეზების გამო, მაგრამ ზაფხულში და შემოდგომაზე გადაღებები განახლდა, მათ შორის, ფრონტის წინა ხაზზე.
პუტინის რუსეთი ფილმში წარმოდგენილია როგორც ტერორისტული სახელმწიფო და ნაჩვენებია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მრავალი მტკიცებულება. შონ პენი ათვალიერებს ბინებს რუსული რაკეტით დანგრეულ მაღალსართულიან კორპუსში და საბავშვო ბაღის ტერიტორიას, რომელიც ცეცხლის ქვეშ მოექცა.
შონ პენი ბერლინში ჩავიდა კიევიდან, სადაც ზელენსკის აჩვენა „სუპერძალა“. ბერლინის კინოფესტივალზე ფილმს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაუკეთა.
შონ პენი არის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდიუსერი. მან არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი და დაგმო რუსული აგრესია.
ცნობისთვის, 16 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინალეს გახსნაში ვიდეოჩართვით მიიღო მონაწილეობა.
0
0